ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული იყო, რადგან შევაჯამეთ გაწეული სამუშაო. გადავხედეთ შესწავლილ საკითხებს და მოვისმინეთ პრეზენტაციები. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, ისაუბრა მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის მისამართით, განსაკუთრებით რომელი პროექტები მოგვეწონა, ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები. პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლა, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა წვრილმანი, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცეში და კვლევის დროს.
მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ქალბატონი ქეთი ცერაძის მიმართ, რომელმაც ცოდნა და ენერგია არ დაიშურა, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც მას გამოარჩევს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს, ამას ემატება ადამიანური ფაქტორი და გულისხმიერება. ტრენერი ითვალისწინებდა აუდიტორიის ინტერესებს და პასუხობდა დაუზარებლად ყველა შეკითხვას, რომლებიც იბადებოდა მუშაობის პროცესში. აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ, რაც, საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვას შეუწყობს ხელს.